ქართულ ოცნებაში "საჯარო წყაროზე და მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით" ამტკიცებენ, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 არასამთავრობო ორგანიზაციიდან - 19 "პირდაპირ არის კავშირში ოპოზიციურ პარტიებთან", 7 კი "ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა".
ამაზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ ისაუბრა. ის ირწმუნება, რომ დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან "26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული".
"27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მათგან 19 ორგანიზაცია ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი - ანუ 14%, არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევის ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%", - თქვა გივი მიქანაძემ.
ქართული ოცნება მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, არ გაითვალისწინონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული "სუბიექტური ინფორმაცია".
"მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია", - ამბობს გივი მიქანაძე.